მამის მოგზაურობა ნარკომანი შვილის სამყაროში

16/01/2023
ავტორი: გიორგი ნიჟარაძე

 

ოიდიპოსის მიერ მამის მკვლელობას და დედის ცოლად შერთვას, თითქოს, თავისი მიზეზები აქვს. ეს ძველი ბერძნული ამბავია, რომელიც, ბუნებრივია, ბედისწერასთანაა გადაჯაჭვული. დელფოს ქურუმის წინასწარმეტყველება უნდა ახდეს – შვილმა უნდა მოკლას მამა და ცოლად შეირთოს საკუთარი დედა. წინასწარმეტყველებით შეძრწუნებული ოიდიპოსი გაქცევას ცდილობს, მაგრამ გაუცნობიერებლად თავადვე აღასრულებს უკვე დაწერილს. მეორე მხრივ კი ოიდიპოსი არ იცნობს საკუთარ მშობლებს: გზაჯვარედინზე მოკლულ მეფე ლაიოსს და გარდაცვლილი მეფის ულამაზეს ქვრივს – იოკასტეს. როგორ შეიძლება წინასწარმეტყველებას ხელი შეუშალო, როცა საკუთარ მშობლებს არც კი იცნობ? თუმცა, ეს სულ სხვა ამბავია.

რა ხდება მაშინ, როცა მშობელი თავის შვილს ვერ ცნობს? ერთი შეხედვით, მის წინ მდგომი ბიჭი ის პატარა ბიჭუნაა, რომელიც დიდი რუდუნებით გაზარდა და რომლის შინაგან სამყაროსაც ასე კარგად იცნობდა; კარგი ბიჭი, რომელიც ბევრს კითხულობდა, მუსიკითა და კინოთი იყო გატაცებული. მაგრამ არა! ეს ბიჭი მამისთვის სრულიად უცხოა.

ეს მამა დევიდ შეფია, ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, ბიჭი კი – მისი ვაჟი, ნიკი. ნიკი ნარკომანია, ტინეიჯერობისას მარიხუანის მოწევით დაიწყო და შემდეგ მძიმე ნარკოტიკებზე გადავიდა. თუმცა, მძიმე ნარკოტიკების კლასიფიკაციაშიც არის ერთი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე დამანგრეველი – მეტამფეტამინი. „იცნობდე შენს მტერს“ – დევიდ შეფი ამ შეგონებას მიჰყვება და მეტამფეტამინის კვლევას იწყებს. კვლევის პროცესი მისთვის უცხო არაა, წარმატებული ჟურნალისტია და მთელი ცხოვრებაა, თავს წერით ირჩენს. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე შვილის სიცოცხლეს ეხება. კვლევის შედეგები კი არც ისე დამაიმედებელია: მეტამფეტამინზე დამოკიდებულებისგან თავის დახსნას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ახერხებენ, მის მიერ მოყენებული ზიანის აღდგენას კი წლები სჭირდება.

გემახსოვრებათ გენიალური სცენა ლეონარდო დი კაპრიოს შესრულებით ფილმიდან „კალათბურთელის დღიური“, რომელშიც ახალგაზრდა ნარკომანი ბიჭი დედას უვარდება სახლში და ნარკოტიკისთვის ფულს სთხოვს. დედა ჯაჭვით დაბმული კარის უკან დგას და ტირის, ბოლოს კი პოლიციაში რეკავს. თუმცა, ეს არც აპათიაა და არც შვილის მიმართ უსიყვარულობის გამოხატულება. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთე, მაგრამ შენი ყველა ცდა უშედეგო გამოდგა. მისი გადარჩენა შენზე აღარ არის დამოკიდებული, ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო და გარემოებებს ნებდები.

წლების შემდეგ დევიდ შეფიც მივა ამ სტადიამდე, თუმცა, იქამდე ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი. გზა ბრძოლის, იმედგაცრუების, ერთი კლინიკიდან მეორეში სირბილის, ქალაქის ჯურღმულებში შვილის ძებნის. გზა, რომელიც ტვინში სისხლის გაჟონვასაც გამოიწვევს. თუმცა, ამ გზას დევიდი მარტო არ გადის. მასთან ერთად არიან მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და ყოფილი მეუღლე (ნიკის დედა). დევიდის მონათხრობიდან ვხვდებით, რამოდენა გავლენა შეიძლება იქონიოს ოჯახის წევრის ნარკომიჯაჭვულობამ ადამიანზე. ესაა მომენტი, როდესაც ნარკომიჯაჭვულობაზე მიჯაჭვული ხდები. აღარ არსებობს სხვა საფიქრალი და გასაჭირი, გარდა ერთისა. დროთა განმავლობაში დევიდი ნიკის მდგომარეობას თავის თავსაც აბრალებს: იქნებ ცოლს არ უნდა გავშორებოდი. იქნებ ნიკისთვის მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებით გამოწვეული პრობლემებია მისი ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზი? იქნებ პირველად მარიხუანა მასთან ერთად რომ გავსინჯე მაშინ დაიწყო ყველაფერი? მსგავსი ფიქრები და ნიკის გაუთავებელი გაუჩინარება დევიდის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.

თუმცა, მთავარი მოქმედი პირი ამ ამბავში მაინც ნიკია. ისაა დამნაშავეც და მსხვერპლიც. არადა, ერთი შეხედვით მარტივია: მან ნარკოტიკი აღარ უნდა მოიხმაროს. ვინ იცის, რამდენი სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანი გაუცვლიდა ნიკს ადგილს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მიჯაჭვულობა არც ისე იოლი დასაძლევია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნარკომანიის მარწუხებიდან თავის დაღწევაში ნიკს უამრავი გამაჯანსაღებელი დაწესებულება და პროგრამა ეხმარება, თუმცა, ეს დაწესებულებები გარანტიას ვერ იძლევიან. თანაც, გამოჯანმრთელების გზაზე ხშირია რეციდივებიც, რაც ნიკსაც ბევრჯერ ემართება.

ნიკის ისტორია არაფრითაა უნიკალური და გამორჩეული. მის მსგავსად უამრავი მოზარდი იტანჯება მსოფლიოში. „განსხვავებული ნარკოტიკები, განსხვავებული ქალაქები, მაგრამ იგივე ამბავი“ – აი, რას სწერს ერთ-ერთი მკითხველი დევიდ შეფს იმ სტატიის საპასუხოდ, რომელშიც მამა თავისი ვაჟის ნარკოდამოკიდებულების ამბავს ჰყვება. შეფი ხვდება, რომ ახალგაზრდები მარტონი აღმოჩნდნენ დაავადების პირისპირ. მშობლების, ოჯახის წევრების, ექიმებისა და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის. მთავარი ნაბიჯი დაავადებულმა უნდა გადადგას.

დევიდ შეფის „კარგი ბიჭი“ ემოციურად და საქმის ცოდნით მოყოლილი ამბავია ბრძოლაზე, სიყვარულზე, ზრუნვაზე, ტანჯვასა და იმედგაცრუებაზე. მწერალი სათქმელს შეულამაზებლად და გულწრფელად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად პირადულ საკითხებს ეხება. ამიტომაცაა, რომ „კარგი ბიჭი“ უამრავი ადამიანისთვის ნუგეშის მიმცემად და დამაიმედებლად იქცა. მათთვის, ვისაც საყვარელი ადამიანის ნარკოდამოკიდებულების გამო ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. დევიდ შეფმა მკითხველს ასწავლა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

წიგნის დაწერიდან თითქმის თხუთმეტი წელია გასული. დღეს ნიკი წარმატებული მწერალია. რაც მთავარია, ნარკოდამოკიდებულებას თავი დააღწია და განიკურნა. მამა-შვილს ხშირად ნახავთ ცნობილი ტელეკომპანიების გადაცემებში, სადაც თავიანთ გამოცდილებაზე ჰყვებიან და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ნარკომანიის სტიგმატიზაციის წინააღმდეგ.

2018 წელს ბელგიელმა რეჟისორმა, ფელიქს ვან გრონინგენმა, დევიდისა და ნიკის შესახებ ფილმი გადაიღო. მამა-შვილის როლს ფილმში სტივ კარელი და ტიმოთი შალამე ასრულებენ.