ხელოვანის ავტოპორტრეტი

03/04/2023

ავტორი: გიორგი ნიჟარაძე


ღმერთი არ გაგიწყრეთ და არასოდეს არ ქნათ პირი ორკესტრისკენ!


თანამედროვე გერმანელ მწერალს, პატრიკ ზიუსკინდს, ქართველი მკითხველი რომან „სუნამოთი“ იცნობს. წიგნი 2006 წელს ითარგმნა ქართულად და მალევე მოიგო მკითხველის გული. გენიალური პარფიუმერის, ჟან ბატისტ გრენუის თავგადასავლებით სავსე ამბავი არაერთი მკითხველისთვის გამოდგა საინტერესო და მიმზიდველი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ „სუნამომდე“ რამდენიმე წლით ადრე ქართულ ენაზე ითარგმნა ზიუსკინდის მონოპიესა „კონტრაბასი“ - მწერლის პირველი დიდი წარმატება ლიტერატურულ ასპარეზზე. ნაწარმოები ქართულად ბიძინა რამიშვილმა თარგმნა და ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობამ დასტამბა.

ზიუსკინდს რაც შეეხება (ეს ახლა ცნობისათვის), იგი მწერალი-განდეგილია. წლებია, კარჩაკეტილად ცხოვრობს, ლიტერატურულ გარე სამყაროსთან კავშირი, შეიძლება ითქვას, გაწყვეტილი აქვს, არ იძლევა ინტერვიუებს და არც ფოტოკამერის ობიექტივთან უყვარს ურთიერთობა. მის ბიოგრაფიაზე ცოტა რამაა ცნობილი.

„კონტრაბასი“ მწერალმა 1980 წლის მიწურულს დაწერა. ნაწარმოები თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც რადიოპიესა, თუმცა, 1981 წელს შედგა მისი პრემიერა თეატრის სცენაზე. პიესას უდიდესი წარმატება ხვდა და, როგორც სხვადასხვა გამოცემები ადასტურებენ, მომდევნო წლებში იგი ერთი სეზონის მანძილზე რამდენიმე ასეულჯერაც კი იდგმებოდა თეატრების სცენებზე. 1984 წელს პიესა წიგნადაც დაიბეჭდა, რამდენიმე წელიწადში კი ინგლისურად ითარგმნა. ნაწარმოების ასეთმა წარმატებამ ზიუსკინდის სამწერლო კარიერას დიდი ბიძგი მისცა, რაც მალევე დაგვირგვინდა „სუნამოთი“, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. 

„კონტრაბასი“ ერთაქტიანი მონოდრამაა, რომლის მთავარი და ერთადერთი პერსონაჟიც სახელმწიფო ორკესტრის 35 წლის კონტრაბასისტია. მისი სახელი მკითხველისთვის ბოლომდე უცნობი რჩება. პიესის ექსპოზიცია ბევრს არაფერს გვეუბნება: პერსონაჟი ბრამსის მეორე სიმფონიის ფონზე გვიახლოვდება, ბოთლს ხსნის და ლუდს ისხამს. მის შესახებ გარკვეულ ფაქტებს დროთა განმავლობაში მისივე მონათხრობიდან ვიგებთ.

შემთხვევითი არაა, რომ მოქმედება მხოლოდ ერთ პატარა ოთახში ვითარდება. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ოთახი ბგერათშეუღწევია და სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან, მივხვდებით, რომ სივრცე პიესაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

ხელოვანის ბედი ბევრი მწერლისთვის გამხდარა შემოქმედების მთავარი თემა, ისევე, როგორც ბევრს დაუწერია მარტოსულ, გარიყულ ადამიანზე. კონტრაბასისტი ორივე ერთადაა: მარტოსული ხელოვანი, რომელიც მონოტონურად ასრულებს თავის მოვალეობას და გარშემო არავინ ჰყავს. 

თუმცა, როგორ არა! კონტრაბასი ხომ სულ მის გვერდითაა! მისი აჩრდილი გამუდმებით თავზე ადგას და მოსვენებას არ აძლევს. მაშინაც კი, როდესაც ქალთან განმარტოებას ახერხებს. ეს კი კონტრაბასის გადამკიდე მეტად იშვიათად ხდება. არადა, კონტრაბასი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ორკესტრში! დირიჟორის არყოფნასაც კი აიტანს ორკესტრი, მაგრამ არა კონტრაბასისას. მეორე მხრივ, ეს ინსტრუმენტი ყველაზე მახინჯი, ტლანქი და მოუქნელია. 

ასეთი ამბივალენტური გრძნობებითაა გამსჭვალული პერსონაჟი საკრავის მიმართ, რის ფონზეც იგი ათას რამეზე მოგვითხრობს. ზიუსკინდის ეს პატარა პიესა უამრავ თემას ეხება და მკითხველს ინტერპრეტაციის დიდ არჩევანს აძლევს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ორკესტრში გამეფებული უთანასწორობაა, რომელიც, პერსონაჟს თუ დავუჯერებთ, საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის ზუსტი ასლია. კონტრაბასისტის მთავარი სურვილი ისაა, რომ ოდესმე ვინმემ მასაც დაუკრას ტაში, სოლისტისა და დირიჟორის მიღმა ისიც შეამჩნიოს, ერთდროულად ლამაზი და უხეირო ინსტრუმენტის გვერდით მყოფი, დაღლილი და იმედგაცრუებული. ის არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე შავი სამუშაოს შესრულებაც დაუფასდება. 

მუსიკაზე მსჯელობას ნაწარმოებში იმდენად დიდი ადგილი უკავია, მავანი მკითხველი იმასაც იფიქრებს, ეს ამოდენა ამბავი მწერალმა იმისთვის მოიგონა, მუსიკის შესახებ თავისი მოსაზრებები რომ წარმოეჩინაო. თანაც, თუკი ზიუსკინდის „სუნამოს“ გავითვალისწინებთ (ეს ახლა მაგალითისთვის), ისიც გაგვახსენდება, რომ პოსტმოდერნისტული ხერხები მწერლისთვის უცხო არაა. მთხრობლის გულწრფელმა და პირდაპირმა შეფასებებმა ვაგნერზე, მოცარტსა და ბევრ სხვა კომპოზიტორზე, შეიძლება ზოგიერთი მკითხველი გააბრაზოს კიდეც, როგორ თუ ამას ჰკადრებს ამ დიად ხალხსო.

თუმცა, მეორე მხრივ, მკითხველი იმასაც შეამჩნევს, რომ, შესაძლოა, ეს შეფასებები მხოლოდ და მხოლოდ ერთი ახირებული, ცხოვრებაზე გულმოსული კონტრაბასისტის დამოკიდებულება იყოს, რომლის სახესაც მწერალი მსუბუქი ირონიითა და კომიზმით გვიხატავს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პერსონაჟი მკითხველში ემპათიას უფრო იწვევს, ვიდრე გაღიზიანებას.

ნაწარმოების მეორე ნაწილში ერთი ინტრიგაც ჩნდება, რაც დაძაბულობას ნელ-ნელა ზრდის: ოცდახუთიოდე წლის მეცო-სოპრანო სარა, რომელზეც შეყვარებულია კონტრაბასისტი. რაღა გასაკვირია და სხვების მსგავსად, მას ვერც სარა ამჩნევს. თუმცა, არსებობს ერთი, მართლაც რომ ჰეროსტრატული აქტი, რომელსაც სარას ყურადღების მოპოვება შეუძლია. მიიყვანს თუ არა პერსონაჟი ჩანაფიქრს ბოლომდე, ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიტყობთ. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია პიესის სტრუქტურა, თავისი რიტმით, პაუზებითა და გამეორებებით, რაც ტექსტს საორკესტრო ნაწარმოებს ამსგავსებს. ამას ემატება ტექსტში ნახსენები უამრავი მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა მოსმენაც პიესის კითხვასთან ერთად ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს წარმოდგენას ესწრებით. საგულისხმოა, რომ პიესის სტილი ქართულ თარგმანშიც მშვენივრადაა გადმოტანილი და მუსიკალური ტერმინებით დახუნძლული ტექსტი მკითხველისთვის სასიამოვნო წასაკითხი ხდება. 

პატრიკ ზიუსკინდის „კონტრაბასის“ ქართული თარგმანის გაცოცხლებით გამომცემლობა „სიესტამ“ ახალ სერიას ჩაუყარა საფუძველი. „პატარა შედევრების“ მიზანია მკითხველს შესთავაზოს სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის, ცნობილი თუ უცნობი, მცირე პროზაული ნაწარმოებები.