შენებისა და ნგრევის ხელოვნება

11/05/2023

ავტორი: გიორგი ნიჟარაძე

 

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის ჯარების კაპიტულაციითა და ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს დაშლით, შეიძლება ითქვას, გერმანიაში დრო გაჩერდა და საათი ახლებურად, სულ სხვა მიმართულებით დატრიალდა. ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დადგა, რეალობისა, რომელიც წარსულის გავლენისგან თავის არიდებას და ახალი, განსხვავებული მიმართულებით სვლას საჭიროებდა. 

კრიზისისგან თავის დაღწევა შესაძლებელია „ახლის დაბადებით“, რომელმაც სრულად უნდა უარყოს ძველი და ახალი სიტყვა თქვას. ასეთ დროს იზრდება კულტურისა და ლიტერატურის როლი. სხვას ვის შეუძლია ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა, თუ არა მწერალსა და ხელოვანს? განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იგი ლიტერატურული საქმიანობის გარდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩაბმული.

სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში ჩნდებიან საზოგადოებრივ ასპარეზზე „ნანგრევების ლიტერატურის“ (Trümmerliteratur) წარმომადგენლები, რომლებიც მიზნად ისახავენ გერმანულ ლიტერატურაში წარსულის გადააზრებას და ახალი სიტყვის თქმას. ამ ნელი და საფრთხილო პროცესის ხელშესაწყობად, პირველ რიგში, საჭირო იყო ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიისა და ხალხში შემორჩენილი მბჟუტავი ეგზალტაციის დახშობა, რასაც ხელს უწყობდა საზოგადოებაში გამეფებული კოლექტიური დანაშაულის გრძნობა. 

მწერალთა უმეტესობამ მეორე მსოფლიო ომის საშინელება თავის ტყავზე გამოცადა, ნახა უამრავი ადამიანის პირადი თუ კოლექტიური ტრაგედია. შინ დაბრუნებულები კი ნანგრევების წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ცდილობდნენ ომში თავიანთი ბრალეულობის მასშტაბი დაედგინათ და გამოესყიდათ როგორც მთლიანად ერის, ისე თავიანთი პირადი დანაშაული. ამასთანავე, საჭირო იყო ხელახალი აღზრდა იმ თაობისა, რომლის მენტალობაც ნაციონალ-სოციალიზმის პირობებში ჩამოყალიბდა. ლიტერატურა კი ერთ-ერთი გზა იყო ცვლილებებისთვის.

ამავე პერიოდში ყალიბდება „ჯგუფი 47“, იმ გერმანულენოვანი მწერლების გაერთიანება, რომელთა რეგულარული შეხვედრების ინიციატორი იყო გერმანელი ჰანს-ვერნერ რიხტერი. ისინი დროგამოშვებით ხვდებოდნენ ერთმანეთს და თავიანთ ნაწერებს საჯაროდ კითხულობდნენ. ამასთანავე, ჯგუფი ცდილობდა, ხელი შეეწყო ახალბედა ავტორებისთვის, მათთვის განვითარების საშუალება მიეცა. ამისათვის მათ დაწესებული ჰქონდათ პრემია, რომლის მიღებაც იმის დასტური იყო, რომ ახალგაზრდა მწერლის ლიტერატურულ კარიერას მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაეყარა. ეს ჯილდო სხვადასხვა დროს მიიღეს ისეთმა მწერლებმა, როგორებიც იყვნენ გიუნტერ გრასი, ინგებორგ ბახმანი, პეტერ ბიქსელი და სხვები. 

ჰაინრიხ ბიოლი ამ პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ლაურეატია. სწორედ „ჯგუფი 47-ის“ შეკრებაზე წაიკითხა მან პირველად საჯაროდ თავისი ნაწარმოები, რამაც სათავე დაუდო მის ლიტერატურულ კარიერას. ბიოლი დაიბადა 1917 წელს კიოლნში. იგი ადრეული ასაკიდანვე ნაციონალ-სოციალიზმის დიდი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მის ამ წინააღმდეგობას არც ისე რადიკალური ფორმა ჰქონდა, რაც აიხსნებოდა მისი მშობლიური ქალაქის კათოლიციზმით. მწერალი 1939 წელს ჯარში გაიწვიეს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ჯარში მან ექვს წელიწადს იმსახურა, ევროპის მასშტაბით ბევრ სხვადასხვა ადგილას მოუხდა მოგზაურობა და თავისი თვალით იხილა ომის მთელი საშინელება. ბიოლი ერთ-ერთი იყო იმ მწერალთაგან, ვისაც შინ დაბრუნების შემდეგ გაპარტახებული ქვეყანა დახვდა.

ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოებები დიდად პოპულარულია საქართველოში, რაც იმითაცაა განპირობებული, რომ მწერალი ორჯერ ეწვია საქართველოს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ გერმანისტებთან: ნოდარ კაკაბაძესთან, რეზო ყარალაშვილთან, ნელი ამაშუკელთან. მწერლის ნაწარმოებების ქართულად თარგმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და წლების განმავლობაში მკითხველმა იგი შეიყვარა, როგორც შემოქმედების, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის გამო. 

ბიოლის პოპულარობის მიუხედავად, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ითარგმნა რომანი „ბილიარდი ათის ნახევარზე“ - ბევრის აზრით, მწერლის საუკეთესო ნაწარმოები. წიგნი ქართულად დავით კაკაბაძემ თარგმნა და გამომცემლობა „სიესტამ“ დასტამბა. „ბილიარდის“ ასეთი „ნაგვიანევი“ გადმოქართულება, შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ეს ნაწარმოები ბიოლის წიგნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და კომპლექსურია. 

წიგნში ათზე მეტი პერსონაჟის პერსპექტივას ვეცნობით. მათი უმრავლესობა შინაგანი მონოლოგის ფორმით გადმოსცემს სათქმელს, ვხვდებით ვრცელ დიალოგებსაც და ცნობიერების ნაკადის ტექნიკასაც. ამასთან, დროითი ნახტომები იმდენად ხშირი და მოულოდნელია, რომ მკითხველს დიდი ნებისყოფა და დაკვირვება სჭირდება იმისათვის, რომ ტექსტში არ დაიკარგოს. სწორედ ესაა მიზეზი რომანის კომპლექსურობისა, რის გამოც ზოგიერთი კრიტიკოსი მას იწუნებდა კიდეც.

რომანში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება - 1958 წლის 6 სექტემბერს, შაბათს. ამ დღეს ფემელების ოჯახის უფროსი, ბევრისმნახველი არქიტექტორი ჰაინრიხ ფემელი, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა, სხვადასხვა ნარატიული ხერხის მეშვეობით მკითხველი პერსონაჟებთან ერთად დროში მოგზაურობს და გერმანიის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ეცნობა. 

რომანი ფემელების ოჯახის სამი თაობის შესახებ მოგვითხრობს. ამ სამი თაობის წარმომადგენლების (ჰაინრიხის, რობერტისა და იოზეფის) ახალგაზრდობა გერმანიის ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთებს შეგვიძლია შევუსაბამოთ: გერმანიის იმპერიას, მესამე რაიხსა და ომისშემდგომ გერმანიას. ფემელების ოჯახი, ერთი შეხედვით, მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, მაგრამ „მათ ხომ სიკვდილი არ ეუცხოებათ, როგორც იტყვიან, შენობითაც კი არიან მასთან”.

გადაჭარბებული არ იქნება, თუკი „ბილიარდს“ ფერწერულ ნამუშევარს შევადარებთ. რომანი შეულამაზებელი, პირდაპირი და პირქუში ტილოა, რომელიც აღწერს იმ სამყაროს, რომელშიც შვიდი წლის მომაკვდავი ბიჭუნასგან მხოლოდ ჰინდენბურგის სახელი ჩაგესმის, სადაც ხელის ერთი მოძრაობა კაცს სიცოცხლის ფასად უჯდება, სადაც საკუთარი შვილის შემხედვარემ შეიძლება მხოლოდ მისი გარსიღა დაინახო. ამ სამყაროში ორი არჩევანი გაქვს: ან კამეჩის ზიარება უნდა მიიღო, ან ღვთის კრავი უნდა გახდე. თუმცა, არის მესამეც - შეგიძლია იყო მწყემსი და ბოლომდე იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ. მერე რა, თუ ეს ბრძოლა შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეს. 

ნაწარმოებში სამივე ფემელი, სიმბოლურად თუ პირდაპირი მნიშვნელობით, ერთი შენობის გარშემო ტრიალებს: წმინდა ანტონის სააბატოს ოჯახის უფროსი, ჰაინრიხ ფემელი 29 წლის ასაკში ააშენებს. ზუსტად 29 წლის ასაკში დაანგრევს ამ შენობას მისი ვაჟი, რობერტი. ეს ქმედება იქნება შურისძიება ყველა იმის სახელით, ვისაც კამეჩის რომელიმე განსახიერებამ ავნო, სიცოცხლე მოუსწრაფა ან ცხოვრების ბოლომდე დაღი დაასვა; ეს იქნება „ძეგლი კრავებისთვის, რომელთა საძოვებლადაც არავის ეცალა“. ფემელების ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს წმინდა ანტონის სააბატოს რესტავრაციას დაავალებენ, მაგრამ ამ პროექტის მართებულობაში თავად ის ბოლომდე დარწმუნებული არ არის. განა აზრი აქვს იმ მტვრის გროვის აღდგენას, რომლის დანგრევის გამოც ინგლისელი ოფიცერი თითქოსდა შეწუხებული სახით მხოლოდ “sorry”-ს გეუბნება, იმას კი ვერ (ან არ) ხვდება, რომ ბოდიშის ადრესატს რძლის ერთი ღიმილის დანახვად უღირს ყველა არქიტექტურული ძეგლი.

„თავაზიანი ქცევით შენიღბული დამცირება ყველაზე მძაფრად შეიგრძნობაო“ - იტყვის ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი და ამით იმ მოსაზრებას გაამყარებს, რომ ოპორტუნიზმი და მედროვეობა ყველა ეპოქის სენია და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კამეჩისგან მიიღებ ზიარებას - მსუქნისგან თუ მიხრწნილისგან. კრავებისა და კამეჩების დაპირისპირება მარადიული სცენარია. 

ჰაინრიხ ბიოლის ამ გენიალურ წიგნს ღირსეული ადგილი უკავია ომისშემდგომი გერმანული ლიტერატურის გამორჩეულ წიგნებს შორის. მწერალმა, ერთი შეხედვით საოჯახო რომანის სახით, შეულამაზებლად აღწერა გერმანიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ერთი მოზრდილი აგური დადო წარსულის გადააზრების საქმეში. „ბილიარდის“ ამ თარგმანით ღირსეულად შედგა ქართველი მკითხველის შეხვედრა ძველ, მონატრებულ ნაცნობთან.