ლორა სპინის „ჩალისფერი მხედარი”, ანუ კარგად გახსენებული პანდემია

28/09/2022
ავტორი: გიორგი ნიჟარაძე

 

1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში ხელმოწერილმა ზავმა ბოლო მოუღო უდიდეს ისტორიულ კატასტროფას - პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, მაშინ ცოტამ თუ იცოდა, რომ სამყარო უკვე ჩაბმულიყო ომში ახალ, უხილავ მტერთან.
 
სენით, რომელიც ისტორიაში სრულიად უსამართლოდ „ესპანური გრიპის“ სახელით დამკვიდრდა, დაავადდა 500 მილიონამდე ადამიანი - მსოფლიოს მაშინდელი მოსახლეობის თითქმის მესამედი. გარდაცვლილთა რაოდენობის დადგენა კი მეცნიერებს აგერ უკვე ათწლეულებია, ვერა და ვერ მოუხერხებიათ. მათი ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 50-დან 100 მილიონამდე მერყეობს. ასეა თუ ისე, მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ „ესპანურმა გრიპმა“ უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე მსოფლიო ომებმა. ეს დაავადება იმითაც იყო გამორჩეული, რომ სხვა გრიპებისგან განსხვავებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 20-40 წლის ადამიანთა კატეგორიაში.

მსოფლიო ომებმა, ფაქტობრივად, განსაზღვრა მთელი XX საუკუნე: ხელი შეუწყო იმპერიების ნგრევასა და ჩამოყალიბებას, შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური მდგომარეობა და კვალი დაატყო უამრავი ადამიანის ცხოვრებას. მათ შესახებ დღემდე წერენ მხატვრულ და სამეცნიერო წიგნებს, იღებენ ფილმებს. პირველი და მეორე მსოფლიო ომი მყარადაა შემონახული კოლექტიურ მეხსიერებაში და მათ მაგალითზე დღემდე ვსწავლობთ.

რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ისეთი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც „ესპანური გრიპი“ იყო, ისტორიამ თითქოს ჩაყლაპა და მას თითქმის აღარავინ ახსენებს? სწორედ ეს შეკითხვა გახდა შთაგონების წყარო ბრიტანელი ჟურნალისტის, ლორა სპინისთვის, რომლის 2017 წელს გამოსული წიგნი - „ჩალისფერი მხედარი“ - ისტორიის გადააზრების მცდელობაა; იმ ისტორიისა, რომელიც „ესპანურ გრიპს“ სათვალავში არ აგდებს. სპინის აზრით, „ესპანური გრიპი“ შემონახულია პირად, მაგრამ არა კოლექტიურ მეხსიერებაში: „ის არსებობს არა როგორც ისტორიული კატასტროფა, არამედ, როგორც მილიონობით ადამიანის ცალკეული, კერძო ტრაგედია“ (სპინი 2022, 13).

XX საუკუნის დასაწყისში მეცნიერება ხალხში დიდად პოპულარული იყო. თუმცა, ხალხის უმეტესობა მას მაინც კრძალვითა და რიდით უყურებდა. გრიპი იმ სამყაროში გაჩნდა, რომელიც ძველსა და ახალ დროს შორის იყო გამოკიდებული: ადამიანს ერთდროულად სჯეროდა როგორც რაციონალიზმის, ისე კუდიანების. ისევე, როგორც ძველი ბერძნები, ხალხი დაავადებას ღვთისგან მოვლენილ სასჯელად აღიქვამდა და მის დამარცხებას ლოცვით ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ ლორა სპინი წერს: ესპანეთის ქალაქ სამორაში, მაშინ როდესაც გრიპი მძვინვარებდა, ეპისკოპოსმა ალვარო ი ბაიანომ ცხრადღიანი საღამოს ლოცვები დანიშნა. მისი აზრით, გრიპი გამოწვეული იყო ცოდვებითა და უმადურობით, რის გამოც „მარადიული სამართლიანობის შურისმაძიებელი ძალა“ მათ სჯიდა. სამორაში გრიპს უამრავი ადამიანი შეეწირა, გაცილებით მეტი, ვიდრე ესპანეთის რომელიმე სხვა ქალაქში. თუმცა ეპისკოპოსს მაინც მიენიჭა „ქველმოქმედის ორდენი“ პანდემიის დროს გრიპის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

სამორის გარდა, წიგნში უამრავი მაგალითია მოყვანილი, რომელიც აღწერს პანდემიისადმი სხვადასხვა კულტურის დამოკიდებულებას. ნიუ-იორკსა თუ სპარსეთის ქალაქ მეშჰედში, რიო-დე-ჟანეიროს ჯურღმულებსა თუ ბრისტოლის ყურეში, ოდესაში თუ ჩინეთის პროვინცია შანსიში, გრიპმა თავდაყირა დააყენა ხალხის ყოველდღიური ცხოვრება. მასთან გამკლავების გზები სხვადასხვანაირი იყო, რაც, სპინის აზრით, ხაზს უსვამს პანდემიის ღრმად სოციალურ ხასიათს. როგორც ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, ისეთმა აკრძალვებმა, როგორიცაა ნიღბის ტარების ვალდებულება და საჯარო სივრცეში შეკრების აკრძალვა, თითქმის 50%-ით შეამცირა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ის ზოგ ქალაქში. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა აკრძალვების შემოღების სისხარტეს და ხანგრძლივობას. ზოგიერთ ქვეყანაში კი აკრძალვებს საერთოდ არ მიმართავდნენ, რაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს დაავადების გავრცელებას.

გარდა კულტურებს შორის არსებული განსხვავებებისა, ლორა სპინი გვიამბობს ბევრ ინდივიდუალურ შემთხვევაზეც - მწერლებზე, მხატვრებზე, ცნობილსა თუ უცნობ ადამიანებზე, რომლებიც „ესპანური გრიპით“ დაავადდნენ და ზოგ შემთხვევაში მას ემსხვერპლნენ კიდეც. პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ორი დღით ადრე პარიზის ერთ-ერთ უბანში სასიკვდილო სარეცელზე მწოლი გიიომ აპოლინერი, თავის უკანასკნელ ფერწერულ ტილოზე მომუშავე ეგონ შილე, რუსული მუნჯი კინოს პოპულარული მსახიობი ვერა ხოლოდნაია, სანადირო თოფით შეიარაღებული გუსტავ კლიმტი, ჟენევის ტბის პირას სასტუმროში ექიმებისგან მიტოვებული რომენ როლანი - ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, ვინც „ესპანური გრიპი“ თავის თავზე გამოსცადა და რომელთა პირად ისტორიებსაც ლორა სპინი დეტექტივისთვის დამახასიათებელი სიმძაფრით გვიყვება.

ბრიტანელი მწერალი ვერა ბრიტენი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ექთნად მუშაობდა, „დაკარგულ თაობას“ უწოდებდა ომში გარდაცვლილ იმ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, განათლებულ მამაკაცებს, რომლებსაც შინ დაბრუნების შემთხვევაში ბევრი შესაძლებლობა ექნებოდათ. ლორა სპინი კი ჭეშმარიტად დაკარგულ თაობად იმ ხალხს მიიჩნევს, ვისაც „‘ესპანურმა გრიპმა’ დედის საშოში მიუსწრო“. როგორც წლების შემდგომ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ის მოზარდები, ვისაც გრიპი პრენატალურ პერიოდში შეეხო, თანატოლებთან შედარებით უფრო დაბლები, გონებრივად ნაკლებად განვითარებულნი და გულის დაავადებისადმი მიდრეკილნი იყვნენ.

ლორა სპინის ნაშრომის მთავარი ღირსება, ალბათ, მაინც ის წინასწარმეტყველებაა, რომელსაც იგი მეცნიერთა ვარაუდებზე დაყრდნობით აკეთებს. 2017 წელს გამოსულ წიგნში ავტორი წერს, რომ გრიპის მორიგი პანდემია გარდაუვალია და მსოფლიო მას მზად უნდა შეხვდეს. საინტერესოა, ამ სტრიქონების წერისას თავად ავტორი თუ იფიქრებდა, რომ მისი სიტყვები სულ რამდენიმე წელიწადში გამართლდებოდა. მართლაც, კოვიდ-19-ის პანდემიამ წიგნს მეტი აქტუალობა შესძინა და მის მიმართ ინტერესიც გაამძაფრა. მიუხედავად ანდრე მორუას ცნობილი ნათქვამისა, „სხვადასხვა თაობის აზროვნება ისევე ამოუცნობია ერთმანეთისთვის, როგორც ლაიბნიცის მონადებიო“, წიგნის კითხვისას ძნელია ვერ შეამჩნიო მსგავსებები ორ სხვადასხვა, ერთმანეთისგან მთელი საუკუნით დაშორებულ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა შორის.

ორივე შემთხვევის მაგალითზე კარგად გამოჩნდა, რომ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხალხში ქაოსი და პანიკა ისადგურებს. საზოგადოება ვერ თანხმდება მთელ რიგ საკითხებზე, ჩნდება დეფიციტი საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, დიდია უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიცინისადმი. ამის საპირისპიროდ იზრდება რელიგიისა და ეკლესიის როლი. ეს ყველაფერი პანდემიის თანმდევი მოვლენებია, რასაც გვერდს ვერ აუვლი. თუმცა, წარსულის გამოცდილებაზე სწავლა მაინც შესაძლებელია. „ჩალისფერი მხედარი“ სწორედ ამას გვეუბნება: წარსულთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო, მას კი არ უნდა გაექცე და დაემალო, ისე, როგორც ამას ალასკელი ესკიმოსები აკეთებდნენ, არამედ კარგად უნდა შეისწავლო და ახალ გამოწვევას მომზადებული შეხვდე, რადგან ისტორია საუკეთესო მასწავლებელია.