ავტორი - ზურაბ კიკნაძე
მსურდა, ეს შესავალი იმაზე ვრცელი არ გამოსულიყო, ვიდრე ამ წიგნის უმცირესი იგავი, იგავთა შესავალი თავად იგავი უნდა ყოფილიყო.
ამ წიგნში ადმიანი გველაპარაკება სიბრძნის გადაცემის თუ დიპლომატიის ძველთაძველი იგავური ენით. ვკითხულობთ იგავებს... ეს არა მხოლოდ სათქმელის გამოხატვის ჟანრული მეთოდია, არამედ მისი ბუნებრივი შინაგანი მეტყველება, რომელსაც ვერ ახშობს ყოველდღიურობა, რუტინა... ძველი სიბრძნე ამბობს, რომ კაცობრიობას სძინავს. ის ცხოვრობს არა იმ სოფელში, სადაც უნდა ცხოვრობდეს და სურს ცხოვრობდეს. ადამიანები ჰგვანან იმ კაცს, რომელიც სიბნელეში დაკარგულ ნემსს მზის სინათლეზე ეძებს, და როცა ხანგამოშვებით კაცობრიობა ფხიზლდება ძილისგან, ახლა ის ეძებს იმ დაკარგულ სოფელს, სადაც მოიპოვებს თავის ნამდვილ არსებობას, იმ ჭეშმარიტებას, რაც მისი ცხოვრების წესი უნდა იყოს.
რა არის იგავი? იგავით იგი ეძებს ამ სინამდვილეში დაფარულ თუ არყოფილ სხვა სინამდვილეს...
ის ეძებს თითქოს სარკის უკანა მხარეს, ეძებს რაღაც სხვას, საპირისპიროს.
არის იგავი, რომელიც თუმცა შეფარვით, მაგრამ მაინც პირდაპირი გზით გვიმხელს სიბრძნეს.
და არსებობს იგავი, რომელიც ვითარების ურთიერთობის აბსურდამდე დაყვანით გვაიძულებს, აბსურდს იქით დავინახოთ რაღაც არაჩვეულებრივი, ამ სიტყვის გაუცვეთელი მნიშვნელობით, რასაც შეგვიძლია ჭეშმარიტება ვუწოდოთ. ცდილობს გვითხრას რაღაც, რასაც სხვაგვარად თქმულს ვერასოდეს მოვისმენდით, რაც არასოდეს მოგვაფიქრდებოდა. მაგრამ უცხო ფიქრს თუ განცდას იგავმა დააკავებინა ადგილი.
ასეთ იგავებს ვკითხულობ ამ წიგნში.
მიწიერი ლოგიკა ვერ გააგებინებს ერთ კაცს („ერთი კაცის ამბავი“), რატომ არის იგი ერთი (ეს მისი შინაგანი თვითგანცდაა), რატომ არის მხოლოდ თვითონ და, მის გარდა, არც ერთი ანუ სხვაც თვითონ არ არის.
ეს არის მისი სადარდებელი. კაცს, რომელიც უარს ამბობს თავის განუმეორებლობაზე, უნიკალურობაზე, ერთადერთობაზე, მრავალი ძიების შემდეგ
„ესიზმრა, მის გარდა ყველა თვითონ იყო“. და შეზარა.
„მის გარდა ყველა თვითონ იყო“ – ვუტრიალებთ ამ ფრაზას, მაინც ვერ შევდივართ მის შიგნით, რადგან აბსურდია ან საშინელებაა, კოშმარული სიზმარი, იმაზე უფრო საშიში, ვიდრე აბსოლუტური გაუსაძლისი (თუ ბოლომდე გავიაზრებთ ამას) მარტოობა, განცდა იმისა, რომ ერთი და ერთადერთი ხარ, იგავში დასკვნაა იმის საჩვენებლად, რომ „ერთი კაცი“ ერთია და ორი არ არსებობს. ის არის (ჰგიეს) აქ და ამჟამად ეს არის მისი უნიკალურობის ბედისწერა, რომ მის მაგივრად აქ და ამჟამად სხვა ვერავინ დადგება. ბედისწერა, რომელსაც ვერ გაექცევა. და მაინც, გარბის ერთი კაცი და კვლავ თავის თავს, თავის ერთადერთს უბრუნდება.
ავტორი იგავის გმირია ან თავად მასში ხდება იგავი, ხდება კაცში. ამ ერთ კაცში. იგავი ალბათ არის ის, რაც სხვა რაღაცას ჰ-გავ-ს, თუმცა არ არის ის რაღაც სხვა. ბევრი რამის მსგავს არს სული კაცისა.
„რას ვამსგავსო სასუფეველი ღვთისა, ვამსგავსო იგი“ და ა. შ.
„რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?“
კიდევ რას ვამსგავსოთ? ვამსგავსოთ კაცს, რომელმაც საკუთარი მამული გაყიდა, რათა მთელი სოფელი ეყიდა თავის მამულიანად, მაგრამ იმ თავის მამულში ვეღარ შევიდა, რაკი გაყიდული ჰქონდა (ჩვენც ვერ შევდივართ) და ასე დაუსრულებლად, პარადიგმულად ყველგან და ყოველთვის, როცა... რას ვამსგავსოთ სული, ანუ რა ემართება სულს, რომელსაც ადამიანი კარგავს, მთელ სოფელს კი ყიდულობს? ასეთი იგავები თითქოს სილოგიზმებია – ზუსტი, მშრალი (სიმხურვალემდე), სქემატური, როგორც მოლეკულის ფორმულა, ალმასივით განუკვეთელი...
ეს ტექსტი 2005 წელს „ლინკის“ მიერ გამოცემული „ვანო და ნიკოს“ წინასიტყვაობაა
კომენტარეები ვერ მოიძებნა