იასუნარი კავაბატა (1899-1972) პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და მოზარდი სრულიად ობლად დარჩა. ლიტერატურის კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა.
რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადი ტექსტია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას.
„მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. არცერთი ფიქრი არ მოუწოდებს პერსონაჟს აქტიური ქმედებისკენ; ის ფიქრობს, და ფიქრები ფიქრებად რჩება, ამბებს მიღმა გადაშლილ ფონად, როგორც მთის ხმა... ერთმა კრიტიკოსმა რომანს სავსებით სამართლიანად უწოდა „მშვენიერი სიმშვიდით“ დაწერილი „ბობოქარი წიგნი“.
ავტორი
წიგნი
- პროზა